იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელი
საქართველოში მოქმედ უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა გაერთიანება
ზოგადი ინფორმაცია
იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელი (შემდგომში „ქსელი“) საქართველოში მოქმედ უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა გაერთიანებაა, რომლის შემადგენლობაში შედიან როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები და საუნივერსიტეტო კლინიკები.
იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელი 2017 წელს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით შეიქმნა. მის დაფუძნებაში მონაწილეობა 11-მა ორგანიზაციამ მიიღო. ამჟამად ქსელი 21 წევრისაგან შედგება. ქსელს იურიდიული დახმარების სამსახური თავმჯდომარეობს.
ძირითადი მიზნები
- უფასო იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა;
- საქართველოში სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება და განხორციელება;
- იურიდიული დახმარების მდგრადი და ეფექტიანი გადამისამართების (რეფერალური) სისტემის შექმნა;
- ქსელის წევრთა შორის ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის განმტკიცება, სამართლებრივი გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება.
ქსელში გაწევრიანების კრიტერიუმები
ქსელის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან საუნივერსიტეტო სამართლის კლინიკა, რომელიც განცხადებით მიმართავს ქსელს და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- ეთანხმება და იზიარებს ქსელის მიზნებსა და სულისკვეთებას, გამოხატავს მზაობას ქსელის სხვა წევრებთან თანამშრომლობაზე საერთო მიზნების მისაღწევად;
- აქვს მკვეთრად გამოხატული ინტერესი ანდა სათანადო გამოცდილება იურიდიული დახმარების გაწევის სფეროში;
- ბოლო ორი წლის განმავლობაში ეწევა იურიდიულ დახმარებას;
- ჰყავს იურიდიული დახმარების გამწევი სულ მცირე ერთი თანამშრომელი, რომელიც არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
ქსელის მისია
ქსელის გამართული მუშაობა უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების ეფექტიან მიწოდებას ყველა დაინტერესებული პირისთვის, აუცილებლობის შემთხვევაში, გადამისამართებას, კოორდინაციას და სამართლებრივი გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარებას.